აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს
აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.

აქციაზე განცხადება გარდაცვლილის დამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნაზი ფუტკარაძემ გააკეთა.

„ეს სისტემა კლავს, რა თქმა უნდა იყო ზეწოლა, ეს ხელისუფლება ქვევრში ბავშვის მოკვლით მოვიდა, შემდეგი იყო ია კერზაია, ახლა ჩემი ძმა, არ შეიძლება, ესენი მართავდნენ ქვეყანას, ამათ უნდა დატოვონ თანამდებობები“, – განაცხადა ნაზი ფუტკრაძემ.

​აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში. ისინი გუშინ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის ფაქტზე, რომელშიც სავარაუდოდ გარდაცვლილისა და მისი ორი ყოფილი თანამშრომლის საუბარია, გამოძიების დაწყებას ითხოვენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ორი პირი ნუგზარ ფუტკარაძეზე გადაბირების მიზნით ზეწოლას ახორციელებდა და ეს პირები „ქართული ოცნებისგან“ ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამის მიერ იყვნენ მიგზავნილები.

ბრალდებას „ქართულ ოცნებაში“ მორიგი ცილისწამება უწოდეს.

დატოვე კომენტარი