აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია იმართება
აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია იმართება

აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონოდ მოხდა.

„ჩემს ძმას და მის მეგობარს რამდენიმე დღის წინ მოუვიდათ კონფლიქტი. 20-მა კაცმა სამი კაცი სცემა. საქმეში პოლიცია ჩაერია და მორიგებით დასრულდა თითქოს, სამი დღის წინ კი , ისევ მოვიდა ის ხალხი და უკვე 30 კაცი დაესხა თავს ჩემს ძმას. ის და მისი მეგობარი დაჭრილები არიან. დაკავებულია მეორე მხრიდანაც, მაგრამ არ გვაქვს მათი ინტერესი, დაზარალებულები ჩვენ ვართ და გათავისუფლდეს ჩემი ძმა. მეორე მხარეს მფარველობს პოლიცია და სუს-ი, ამიტომ მოვედით მთავრობასთან“, – აცხადებს დაკავებულის ძმა ფირუზ წულუკიძე.

აჭარის მთავრობასთან პოლიციაა მობილიზებული. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი აქვს სიტყვიერ დაპირისპირებას.

რეზო წულუკიძე და ელდარ ანთაძე წარსულში ნასამართლევი პირები არიან. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ინციფენტის გამო იხდიდნენ სასჯელს.

შსს-ში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.