აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია გაიმართა
აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის შენობასთან ადგილობრივი თამბაქოს მწარმოებლებმა და რეალიზატორებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, რომ გასული წლის 21 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციები მათზე აღარ გავრცელდებოდა, დღეს ისინი გააფრთხილეს, რომ დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციას ვეღარ შეძლებენ და აქციზის გადასახადიც უნდა გადაიხადონ.

„აჭარის ხელისუფლებისგან მივიღეთ დაპირება, რომ რეგულაციები ჩვენზე არ გავრცელდებოდა, მაგრამ დღეს 20-კაციანი ჯგუფი მოვიდა და გაგვაფრთხილა, რომ ხვალიდან დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაცია ვეღარ შევძლებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორი ათასი ლარით დაგვაჯარიმებენ, ისღა დაგვრჩა ისევ აქციებს მივმართოთ“, – ამბობს აქციის მონაწილე ბადრი ბოლქვაძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

ადგილობრივი წარმოების თამბაქოს რეალიზაციასთან დაკავშირებით რეგულაციები ეკონომიკის სამინისტრომ 21 ნოემბერს აამოქმედა. იკრძალებოდა თამბაქოს რეალიზაცია დაფასოების გარეშე, დაწესდა აქციზის გადასახადი, რაც თამბაქოს მწარმოებლებმა გააპროტესტეს. აქციების შემდეგ ხელისუფლებამ მათ რეგულაციები მოუხსნა.