აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული მთავარი მოთხოვნები – პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები, ასევე ცესკო-სა და უსკო-ს ადმინისტრაციის შეცვლა.

„ხედავთ, რომ მთავრობის სახლთან პროტესტი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ეს გაგრძელდება, ვიდრე  არ იქნება მიღწეული მთავარი, ყველასთვის ცნობილი მოთხოვნები, ამომრჩეველს უნდა მიეცეს თავისუფალი არჩევანის საშუალება“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გია აბულაძემ.

ამასთან, „ლელოს“ წარმომადგენელის, ირაკლი კუპრაძის თქმით, აქცია რეგულაციების დაცვით ტარდება.

„პროტესტი გრძელდება აბსოლუტურად მშვიდად, ხედავთ, რეგულაციების დაცით. დღეს პირბადის გარეშე აქციის მონაწილეს ვერ ნახავთ, ყველაფერი გაგრძელდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მთავარი მოთხოვნები“, – აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეგმავენ, ხვალიდან მთავრობის სახლთან მოაწყონ ღია კაფე, ასევე ჯიხურები, სადაც გარკვეულ პროდუქციას გაყიდიან. ასევე, მათი თქმით, ქმნიან ე.წ. სახალხო მერიას, სადაც მოქალაქეებს მიიღებენ და პრობლემების გადაწყვეტაზე იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს 8 ნოემბრიდან მართავენ, ადგილზე გაშლილია კარვები, სადაც ღამის განმავლობაში აქციის რამდენიმე წარმომადგენელი რჩება.