აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წლის ბოლომდე რეგიონში 71 მილიონი ლარის ღირებულების ორი სპორტული კომპლექსი ამოქმედდება
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წლის ბოლომდე რეგიონში 71 მილიონი ლარის ღირებულების ორი სპორტული კომპლექსი ამოქმედდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პარალელურად აჭარაში წლის ბოლომდე 71 მილიონი ლარის ღირებულების ორი მასშტაბური სპორტული კომპლექსი ამოქმედდება. მათივე ცნობით, აქტიურ ფაზაშია ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსისა და ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო სამუშაოები.

„უნივერსალური სპორტული კომპლექსის ღირებულება 62 მილიონი ლარია. პროექტი აჭარის მთავრობის მიერ ფინანსდება და აერთიანებს სპორტის 12 სახეობისთვის 10 240 კვადრატული მეტრი ფართობის დარბაზებს, რაც იძლევა შესაძლებლობას რეგიონმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპორტულ ჩემპიონატებს. აღსანიშნავია, რომ სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია.
ამ ეტაპზე სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობს სპორტული დარბაზებისა და ტრიბუნის მოპირკეთება. დასრულდა სკამების მონტაჟი, დარბაზი 3 400 მაყურებელზეა გათვლილი.

პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ანგისის სასპორტო ბაზაზე. დასრულებულია ორი მინდვრის მოწყობა. უკვე აშენდა 80 ბავშვზე გათვლილი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის კონსტრუქცია. მიმდინარეობს შიდა მოწყობის სარემონტო სამუშაოები. უახლოეს პერიოდში დაიწყება ორი დიდი სტანდარტული მოედნის მოწყობა ბუნებრივი და ხელოვნური მინდვრის საფარით. პროექტი 2 500 ბავშვზეა გათვლილი. იგი კერძო ინვესტიციით ხორციელდება, დასაქმებულია 50 ადგილობრივი. სპორტული ბაზის პროექტის ღირებულება ცხრა მილიონი ლარია“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.

მიმდინარე სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.