აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს რეგიონში შენდება ათი ახალი სკოლა, მიმდინარეობს 40 სკოლის შენობის რეაბილიტაცია
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს რეგიონში შენდება ათი ახალი სკოლა, მიმდინარეობს 40 სკოლის შენობის რეაბილიტაცია

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს რეგიონში 10 ახალი სკოლა შენდება და 40 სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა სკოლის ეზო და ღია სპორტული მოედანი. პროექტის ღირებულება 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელებიც დაამონტაჟეს. ანალოგიური სისტემა ბათუმის 13 საჯარო სკოლაში დამონტაჟდება. პროექტი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ განახორციელა.

პირველი თებერვლიდან, აჭარაში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება.

აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით.