აჭარის მთავრობის დელეგაციამ ტურისტული „ოსკარი“ ბათუმში ჩამოიტანა

აჭარის მთავრობის დელეგაცია პორტუგალიიდან ბათუმში დაბრუნდა, სადაც მადეირას რეგიონში გამართულ ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოეწყო, რომელსაც ბათუმელებთან ერთად აეროპორტში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის ტურისტიც ესწრებოდა.

„მინდა, პირველ რიგში მივულოცო ბათუმელებს და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატების საფუძველი, ამ ქალაქს სჭირდება კიდევ უფრო მეტი განვითარება, უფრო მეტი ბრძოლის ჟინი.  ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ქალაქში იყოს მეტი განვითარება და კიდევ უფრო კარგად და ძლიერად ცხოვრობდნენ ჩვენი ოჯახები“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის“ (World Travel Awards) დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა.