აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბათუმის ინდუსტრიული ზონის ასამოქმედებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს
აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბათუმის ინდუსტრიული ზონის ასამოქმედებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის ინდუსტრიული ზონის ასამოქმედებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რაც კომუნალური და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე ასევე განხორციელდება გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია, ასევე, გარე განათების სისტემის, სანიაღვრე არხის მოწყობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინდუსტრიულ ზონაში 10-მდე გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე 90 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს საწარმოების მოწყობა. იგეგმება 75 მილიონი ლარის კერძო ინვესტიციის განხორციელება, რითაც 1 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ 25 საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს.