აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ
აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

აჭარის მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი მომავალ სამ თვეში ხელფასის მესამედს ​კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში ჩარიცხავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, იმედი აქვს, რომ მთავრობის ინიციატივაში სხვა უწყებებიც ჩაერთვებიან.

„მინდა გაცნობოთ, რომ აჭარის მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობით, უერთდება გუშინ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს, რომ შემდეგი სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასებიდან 1/3 ჩაირიცხება კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიოში, პანდემიას ახლავს შესაბამისი პრობლემები. ძალიან ბევრ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს შეექმნა რიგი პრობლემები და აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ჩვენი სოლიდარობა და ამ ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი სხვა უწყებაც აგვიბამს მხარს. გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა რგოლი ჩართვება ამ პროგრამაში. ვინაიდან ჩვენი ბრძოლა ამ ინფექციასთან მოითხოვს კოლექტიურ, ერთიან ძალისხმევას. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით და სოლიდარობით შევძლებთ ამ ომში გავიმარჯვოთ და გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა. ამ ინიციატივას უერთდება არა მხოლოდ აღმასრულებელი გუნდი, უერთდება უმაღლესი საბჭოც“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოც ერთვება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს უმრავლესობის დეპუტატებიც გადარიცხავენ ფონდში.