აჭარის მთავრობა ათეულობით შენობის რესტავრაციას გეგმავს
აჭარის მთავრობა ათეულობით შენობის რესტავრაციას გეგმავს

აჭარის მთავრობამ დღეს მორიგი გასვლითი სხდომა ქედაში გამართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კულტურულ მემკვიდრეობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება.

რეაბილიტაცია უტარდება ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებს, როგორებიც არის ხიხანის ციხის კოშკი, ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია, გონიოს ციხე და პეტრას ციხე.

„ჩვენ განსაკუთრებულად ვცდილობთ, მოვახდინოთ ყველა იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრირება, რომელიც გვაქვს აჭარის ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით აჭარის ბიუჯეტიდან ორი მილიონ ლარამდე იხარჯება. კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ სამი მილიონი ლარით დააფინანსა, რისთვისაც საჯაროდ მინდა, მადლობა გადავუხადო. მოხდება დაახლოებით 10-ზე მეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ძეგლების შენარჩუნებისთვის, ასევე იმ მზრუნველობისთვის, რომელიც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ძველი ბათუმის მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს ათეულობით შენობის რესტავრაციასა და აღდგენას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.