აჭარის მაღალმთიანეთში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება
აჭარის მაღალმთიანეთში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

აჭარის მაღალმთიანეთში გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქედის 65-კილომეტრიან მონაკვეთზე ცენტრალური მილების გაყვანის პროცესი მომავალი წლის გაზაფხულის ნაცვლად, ერთ თვეში დასრულდება.

გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე 65 162 მეტრია, ბუნებრივი აირით სამ მუნიციპალიტეტს: ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს.

„ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. საკმაოდ ხანგრძლივ სამუშაოებს კომპანია ვადაზე ადრე ასრულებს. რეგიონში ქობულეთიდან და ადიგენიდან შემომავალი გაზსადენი მილების შეერთებით ადგილობრივ მოსახლეობას ექნება ბუნებრივი აირის ალტერნატიული მომარაგება. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე ხელს შეუწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას აჭარის ტერიტორიაზე“,- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რომელიც დღეს მიმდინარე სამუშაოებს ქედაში გაეცნო.

გაზსადენის გაყვანაზე ქედაში ჯამში 90 ადგილობრივია დასაქმებული. პროექტი პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 25 850 000 ლარს შეადგენს.