აჭარის კოვიდკლინიკებში 542 პაციენტი მკურნალობს, მათგან 51 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

დღეს აჭარაში ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კორონავირუსით გარდაცვალების ცხრა შემთხვევიდან ხუთი აჭარაში გამოვლინდა, მათგან ორი ქალი და სამი მამაკაცია.

ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 248 პაციენტი.

კლინიკებში მკურნალობს 542 პირი, მათ შორის 19 არასრულწლოვანია, 23 კი ორსული. მათგან 51 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კოვიდსასტუმროებში იმყოფება 794 პაციენტი, მათ შორის 70-მდე ბავშვია, ბინაზე კი მკურნალობს 900-მდე ინფიცირებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკებში თავისუფალია 60-ზე მეტი ადგილი.