აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში ორი ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში ორი ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში ორი ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, 90 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბრეს შეიყვანა. მას COVID -19-ის, ორმხრივი პნევმონიის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, თირკმლის უკმარისობის, შოკის, გულის უკმარისობის დიაგნოზი ჰქონდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 02.09.2020“, – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, სამინისტროს ცნობით, 57 წლის ქალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს. მას შეყვანისას COVID -19-ის, ორმხრივი პნევმონიის, სუნთქვის უკმარისობისა და ინსულტის დიაგნოზი ჰქონდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. აღნიშნულით ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა.