აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დაკვირვების ქვეშ მყოფი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ არის საფრთხის შემცველი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დაკვირვების ქვეშ მყოფი ჩინეთის ორი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ არის საფრთხის შემცველი

ბათუმში დაკვირვების ქვეშ მყოფი ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია და არ არის საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჩინეთიდან ოთხი ქალბატონი ბათუმში გუშინ შემოვიდა, ორ მათგანს ჰქონდა ტემპერატურა, რის გამოც მათთან შეთანხმებით განხორციელდა შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამსახურში და დაიწყო მათზე დაკვირვება.

„37 გრადუსი ტემპერატურა აღენიშნებოდათ. ვინაიდან ისინი 400 კილომეტრის მოშორებით არიან ჩინეთის იმ პროვინციიდან, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა, მათზე ხორციელდება დაკვირვება. ორჯერ ჩაუტარდათ ჯანმრთელობის მდგომარეობის სკრინინგი, ანალიზები გადაიგზავნა ლაბორატორიაში და სავარაუდოდ ხვალ იქნება პასუხი. საგანგაშო არაფერია. შესაძლოა, ტემპერატურა მათ სხვა, უფრო გავრცელებული რესპირატორული დაავადების გამო ჰქონდათ. დღეისათვის მათ ტემპერატურა უკვე აღარ აქვთ და მათი გადაადგილება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ისინი დღეს დატოვებენ ბათუმს და დაკვირვება 14 დღის განმავლობაში გაგრძელდება იმ რეგიონის შესაბამისი სამსახურების მიერ, სადაც ისინი გადაადგილდებიან“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის და რა გზით შემოვიდნენ ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში და სად არიან დაბინავებული. სამინისტროში ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების საჭიროება არ არსებობს.