აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე საგანგებო სიტუაციისა და ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

მინისტრის განმარტებით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები.

„საქართველო შედის მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვირუსის შემოტანის საფრთხე ნაკლებია. ზოგადად, რისკი ყველას გააჩნია, აქედან გამომდინარე, მიღებულია ზომები. სარფის საბაჟოზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალური ჯგუფი, რომელსაც საეჭვო ნიშნების დროს მიმართავენ. შემოსული მოქალაქეები პირველად გადიან კონსულტაციას. მსგავსი უსაფრთხოება არის აეროპორტშიც. პირველ რიგში ხდება ტემპერატურის შემოწმება. საეჭვო შემთხვევაში სპეციალური ბრიგადა პაციენტს გადაიყვანს ინფექციურ კლინიკაში. ჯერ მსგავსი არაფერი არ ყოფილა, რადგან თვითონ ამ დაავადებას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიც ზოგადად ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს აქვს. აქედან გამომდინარე, ზუსტი ამოცნობა ყველა ეტაპზე შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს ტესტირება ჩაუტარდებათ, გადაიგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში და შედეგებით შემდეგ ვიმსჯელებთ. ეს არის პრევენციული ზომები“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.