აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ახალი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ევროპიდან არის, მფრინავია, მას საკუთარი ქვეყანა სამშობლოში სპეცრეისით დააბრუნებს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ახალი ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ევროპიდან არის, მფრინავია, მას საკუთარი ქვეყანა სამშობლოში სპეცრეისით დააბრუნებს

აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამიდან ექვსამდე გაიზარდა. დღეს გამოვლენილი შვიდი ახალი ინფიცირებულიდან სამი აჭარაშია.

რეგიონში, კლინიკაში კარანტინიდან გადაყვანილი ექვსი ადამიანის სინჯებიდან სამზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი ინფიცირებული კლინიკაში სასტუმროდან გადაიყვანეს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„ყველა კონტაქტი არის იდენტიფიცირებული. აღნიშნული პირი ექვსი დღეა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, არის ჩრდილოეთ ევროპიდან, მფრინავია და საქართველოში შემოვიდა, ვიდრე საჰაერო სივრცე ჩაიკეტებოდა. ბუნებრივია, სასტუმროში გატარდა შესაბამისი ზომები. ამ მოქალაქეს საკუთარი ქვეყანა სპეცრეისით დააბრუნებს საკუთარ სამშობლოში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ

მინისტრის ინფორმაციით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მეორე ინფიცირებულს, ის აშშ-საქართველოს მოქალაქეა.

მიქელაძის განცხადებით, სამივე ახალ ინფიცირებულს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და სამივე შემთხვევა იმპორტირებულია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი ინფიცირებულია. აჭარის საკარანტინო სივრცეში კი, 1000-ზე მეტი მოქალაქე რჩება.

ამასთან, დღეს ინფიცირებული შვიდი ახალი შემთხვევიდან ოთხი პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში არის მოთავსებული.