აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - საჯარიმო სანქციების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება სიტუაციის მართვა, ეს აუცილებელია, რომ სხვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები საჭირო არ გახდეს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - საჯარიმო სანქციების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება სიტუაციის მართვა, ეს აუცილებელია, რომ სხვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები საჭირო არ გახდეს

დღეს რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს, ინფიცირების რაოდენობა დღითი დღე მზარდია და ყოველდღიურად საშუალოდ, 25 ახალი შემთხვევა გვემატება, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეებში კიდევ უფრო მზარდი იყოს. ტურისტული სეზონი ძალიან აქტიური გვქონდა და ალბათ, ეს იყო ლოგიკური შედეგი, თუ ასევე გავითვალისწინებთ მოსახლეობის მხრიდან პირადი უსაფრთხოების პრევენციული ზომების უგულებელყოფას და მისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭებას. აქედან გამომდინარე, ეს რისკები იყო გათვალისწინებული და მოსალოდნელი“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი თქმით, დროულად ხდება თითოეული შემთხვევის მიდევნება, კონტაქტებთან დაკავშირება და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიღება, მაგრამ მოსახლეობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო.

„თითოეულ მოქალაქეს შევახსენებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები – სოციალური დისტანცირება, ნიღბის გამოყენება, ტესტირება და ა.შ“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა მკაცრი საჯარიმო სანქციების გარეშე მოგვარდეს, რადგან სხვადასხვა ობიექტებზე წესების დაცვა არ ხდება, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, სანქციების მკაცრი ადმინისტრირების გარეშე პროცესი ნაკლებად იქნება მართვადი.

„გარკვეული პერიოდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დათმობებზე მიდიოდა, გათვალისწინებული იქნა სხვადასხვა ინტერესები და ამიტომ, ადმინისტრირება მკაცრი ხასიათის არ იყო. რადგან ტურისტული სეზონი იყო, ყველამ რაღაც ინტერესები გავითვალისწინეთ, მაგრამ დღეს უკვე ამის აუცილებლობა დადგა. ძალიან გააქტიურებულია ყველა შესაბამისი უფლებამოსილი უწყება და დაიწყო ყველა სპეციფიკური საქმიანობის მკაცრი კონტროლი. პრაქტიკულად, ამ საჯარიმო სანქციების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება სიტუაციის მართვა და ეს აუცილებელია, რომ საჭირო არ გახდეს სხვა დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

დატოვე კომენტარი