აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსი „ქობულეთის ტექსტილის“ თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტურდა, საწარმოს თანამშრომელი ინფიცირებული არ არის
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსი „ქობულეთის ტექსტილის“ თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდასტურდა, საწარმოს თანამშრომელი ინფიცირებული არ არის

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განმარტებით, ​კორონავირუსით დაინფიცირდა არა „ქობულეთის ტექსტილის“ თანამშრომელი, არამედ მისი ოჯახის წევრი, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

ზაალ მიქელაძის თქმით, საწარმოს თანამშრომელი გამოკვლეულია და მას ვირუსი არ დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, საწარმოს თანამშრომელი კარანტინშია და საწარმოსთან შეხება ფიზიკურად ვერ ექნებოდა.

„ტექსტილის თანამშრომელი არ არის დადასტურებული კოვიდ ინფექციაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევით აღმოჩნდა, რომ მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრია კორონავირუსით ინფიცირებული, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია საწარმოსთან. მისი ყველა კონტაქტი, ასევე ამ ოჯახის წევრებიც არიან შესწავლილები. ის პირველივე დღეს გამოიკვლიეს და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ პასუხის მიუხედავად, ტექსტილის თანამშრომელი რჩება კარანტინში და მას ვერ ექნებოდა შეხება სხვა თანამშრომლებთან“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

„ქობულეთის ტექსტილის“ თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია უარყო კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ლომინაძემაც.