აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ბათუმის სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ
აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ბათუმის სასტუმროებში განთავსებულ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდნენ

აჭარაში მყოფ უკრაინელ ვიზიტორებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ, რეგიონის სასტუმროებში უფასოდ განათავსებენ და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფენ. პროცესი რამდენიმე დღეა, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკრაინელი ვიზიტორების დახმარების მიზნით, მობილიზებულია, როგორც სახელმწიფო, ისე ტურიზმის ინდუსტრიის კერძო სექტორი. პროცესს ტურიზმის დეპარტამენტი უზრუნველყოფს. დეპარტამენტმა აამოქმედა ცხელი ხაზი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ვიზიტორებს შეუძლიათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია და დახმარება.

აჭარის ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ბათუმის სასტუმროებში განთავსებულ უკრაინელ ვიზიტორებს შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

„ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს საშინელი მოვლენები. როცა მოვდიოდი საქართველოში, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოხდებოდა და ვერ დავბრუნდებოდი სახლში. მაგრამ სასიხარულო ის არის, რომ ასეთ რთულ მომენტში აღმოვჩნდით საქართველოში. ჩვენ არ ვგრძნობთ აქ თავს დევნილებად. განგვათავსეს საუკეთესო სასტუმროში. თქვენი ხალხი ძალიან სასიამოვნო და მეგობრულია. ძალიან მადლობელი ვართ თქვენი და თქვენი სახელმწიფო პროგრამების. მეტი არაფრის თქმა შემიძლია, უბრალოდ, მადლობა“, – ამბობს უკრაინის მოქალაქე ვიქტორია სულგა.

აჭარა უკრაინის დამეგობრებულ რეგიონებს და ქალაქებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. უკვე გამოიყო შესაბამისი ფინანსური რესურსი უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით.