აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 50 მილიონი ევრო დაიხარჯება 
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 50 მილიონი ევრო დაიხარჯება 

აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოსაწყობად 50 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა მოეწყობა.

დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ამ მიმართულებით სპეციალური პროგრამების შემუშავებას ითვალისწინებს. პროექტზე ცნობილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები – MACS და Fichtner იმუშავებენ. კომპანიებთან ხელშეკრულება „აჭარის წყლის ალიანსმა” ოფიციალურად დღეს გააფორმა

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ აჭარის სოფლებსა და დაბებში 200 000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ექნება წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა.სოფლებში წყალმომარაგება-წყალარინების კუთხით არის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პროექტი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ ყველა სოფელს, დაბას აჭარაში ქონდეს თანამედროვე ინფრასტრუქტურა“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

კონსულტანტ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აჭარის მუნიციპალიტეტებში წყლისა და კანალიზაციის [გამწმენდი ნაგებობების ჩათვლით] სისტემების პროექტირება დაიწყება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ კი, გამოცხადდება ტენდერი ამ სისტემების მშენებლობაზე.