„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა, რომელმაც სხდომაზე ცვლილებების პროექტი წარადგინა.

მისი თქმით, აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 85 747 000 ლარით გაიზარდა და 414 221 900 ლარს მიაღწია.

„რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტო მოცულობის გახდა, მიუხედავად პანდემიისა. ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია პრივატიზებიდან მისაღები თანხებით, რაც 57 189 400 ლარს შეადგენს. გაიზარდა მხარჯავი დაწესებულებების დაფინანსება, რომლითაც სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება. პარალელურად, აჭარაში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებიც“, – განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

ამასთან, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომას ესწრებიან ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ბობოყვათში აუქციონზე 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გატანას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწა მათი საკუთრებაა. აუქციონის შეჩერების მოთხოვნით, მათ რამდენჯერმე მოაწყეს საპროტესტო აქცია, გადაკეტეს რკინიგზის მაგისტრალიც. ისინი დღეს მინისტრთან გასაუბრებას ცდილობენ.