აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
აჭარაში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

აჭარაში მესამე დღეა, წვიმს. უხვმა ნალექმა დღესაც შექმნა გარკვეული პრობლემები. ისევ დაიტბორა გრიბოედოვის, პუშკინისა და ჭავჭავაძის ქუჩების ნაწილი.

დაიტბორა ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილი. წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა, დააზიანა ტექნიკა და ავეჯი. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვის მიზეზი გაუმართავი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებია, რის გამოც მცირე წვიმის დროსაც ქუჩებში გადაადგილება ჭირს.

კომპანია „ბათუმის წყალში“ კი ამბობენ, რომ დატბორვა არა სისტემის გაუმართაობამ, არამედ გუშინ გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა. კომპანიის ინფორმაციით, ყველა გამოძახებაზე არის დროული რეაგირება და ბრიგადები ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს დროულად ახორციელებენ.

აჭარის სანაპიროებზე საშტორმო მდგომარეობაა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა დღეს ისევ მოსალოდნელია წვიმა და შტორმის სიმძლავრემ ზღვაზე შესაძლოა, 4-5 ბალს მიაღწიოს.

დღეს აჭარის სანაპიროზე ქარბორბალაც დაფიქსირდა.