აჭარაში სექტემბრის თვეში კორონავირუსისგან 1500-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
აჭარაში სექტემბრის თვეში კორონავირუსისგან 1500-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

აჭარაში რთული ეპიდსიტუაციის პარალელურად, სექტემბრის თვეში გამოჯანმრთელების 1500-ზე მეტი  შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდის მართვის საკითხებზე დღეს საღამოს აჭარის მთავრობაში ოპერატიული შტაბის მორიგ სხდომაზე იმსჯელეს. ბათუმში რჩება თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს შემდეგ ხვალ რეგიონის სხვა კოვიდკლინიკებს ეწვევა.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. მინდა გითხრათ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელსაც მოითხოვს კოვიდინფექციასთან ბრძოლა. კლინიკა მიჰყვება პროტოკოლით მკურნალობას. ხვალ ვაპირებთ რამდენიმე კლინიკაში მისვლას, იმ ინფორმაციის მიღებას და გაცემას, რაც ჩვენ გაგვაჩნია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რეგიონში კოვიდის მართვაში ცხრა კლინიკაა ჩართული. ინფიცირებულთათვის გახსნილია შვიდი კოვიდსასტუმრო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, აჭარაში ქვეყნაში ყველაზე ცნობილი სპეციალისტების ჩასვლა და გამოცდილებების გაზიარება ამ ეტაპზე კოვიდის მართვის კუთხით უმნიშვნელოვანესი დახმარებაა.

„დღეს გაიმართა შტაბის შეხვედრა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. დაიწყეს მუშაობა ქვეყნის წამყვანმა პროფესიონალმა კლინიცისტებმა ლევან რატიანის ხელმძღვანელობით. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, ისინი მოივლიან ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც კოვიდის მართვას ახორციელებს და შესაბამის რეკომენდაციებს მოგვცემენ, რაც აუცილებლად იქნება გაზიარებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვქონდა 211 გამოჯანმრთელება და ჯამში სექტემბრის თვეში გვყავს 1500-ზე მეტი გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.