აჭარაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ახალი პროექტები განხორციელდება
აჭარაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ახალი პროექტები განხორციელდება

აჭარაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ახალი პროექტები განხორციელდება, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილია რეგიონში ტუბერკულოზის ახალი ცენტრის, სასწრაფო დახმარებისა და პირველი პოლიკლინიკის ახალი შენობების მშენებლობა.

„უახლოეს მომავალში დაიწყება სამი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ეს ეხება ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს. აშენდება ახალი შენობა. შესაბამისად, პირობები გაუუმჯობესდებათ როგორც იქ მომუშავე პერსონალს, ასევე პაციენტებსა და ბენეფიციარებს. ჩვენ ვიწყებთ გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის, სასწრაფოს ახალი შენობის მშენებლობას. შესაბამისად, 160-ზე მეტ პირს იქაც გაუუმჯობესდება პირობები და პაციენტები შეძლებენ, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში მიიღონ სერვისები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამ ინიციატივაში არის ბათუმის პირველი პოლიკლინიკა, სადაც ყველაზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს მომსახურებით. ჩვენ ვიწყებთ პოლიკლინიკის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ამ პროექტის ფარგლებში 50 000-ზე მეტ თანაქალაქელს გაუუმჯობესდება როგორც პირობები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდებოდეს სამედიცინო სერვისების განვითარება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ტურისტული სეზონისთვის მზადების პროცესზეც და განაცხადა, რომ უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რათა რეგიონი მზად იყოს როგორც სეზონისთვის, ასევე დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობისთვის.