აჭარაში საკარანტინო სივრცეები უკვე დატოვა 5 018-მა პირმა, იზოლაციაში რჩება 1 340 მოქალაქე
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, საკარანტინო ზონა რეგიონის 27 სასტუმროშია მოწყობილი და მათი ფუნქციონირებისთვის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან რვა მილიონ 300 ათასი ლარია გამოყოფილი.
რეგიონში საკარანტინო სივრცეების მართვა-ორგანიზებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოფს.
დღეის მონაცემებით, საკარანტინო სივრცეები აჭარაში დატოვა 5 018-მა პირმა, იზოლაციაში კი, რჩება 1 340 მოქალაქე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეების მართვა-ორგანიზების, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა თუ ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყება აქტიურადაა ჩართული.
კარანტინში მოთავსებული პირები კი, 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
„კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნაზე სამთავრობო უწყებებთან ერთად თითოეული სასტუმროს მენეჯმენტი და პერსონალი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს, რაც ნათლად აისახა კიდეც ინტერნეტსივრცეში კარანტინში მყოფი ადამიანების მიერ გავრცელებულ პოზიტიურ ვიდეომიმართვებსა თუ ფეისბუქპოსტებში. მაშინ, როცა ერთი სასტუმროს მენეჯმენტი სტუმრებისთვის დადებითი განწყობის შექმნას ეზოში მოწყობილი პატარა კონცერტით უზრუნველყოფს, მეორე სპეციალურად მათთვის მოწვეულ შეფმზარეულს რეგიონის სავიზიტო ბარათს – აჭარულ ხაჭაპურებს ამზადებინებს“, – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.