აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ მოქალაქეს სასურსათო პროდუქტები დაურიგდება
აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ მოქალაქეს სასურსათო პროდუქტები დაურიგდება

აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ პირზე სასურსათო პროდუქტები გაიცემა,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში მინდინარე პრევენციულ ღონისძიებებსა და სოციალურ პროექტებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე

საუბარია შემდეგ კატეგორიაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირები.

„ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში 6000-ზე მეტი მოქალაქეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და აღნიშნული სასურსათო კალათა გადაეცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან და აქვთ 100 000 ქულამდე.

მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების, აჭარის ახალგაზრდული ცენტრის, ჩვენი მოხალისეების თანამონაწილეობით. დარიგების პროცესიც მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით“ ,-  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.