აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, 55 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ეს აჭარაში მედიკოსის გარდაცვალების უკვე მეექვსე შემთხვევაა.

კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ექიმს კორონავირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა.

„ის ინფიცირებულებთან არ მუშაობდა, იყო თერაპიული განყოფილების გამგე. ჰქონდა გულის თანმხლები დაავადებები, ასევე შაქრიანი დიაბეტი. რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

დღეისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 206 პაციენტია. 45 ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათგან ცხრა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.