აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილი 55 წლის ქალია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს მძიმე თანმხლები დაავადებებით შეიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი.

გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, აჭარაში, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე დატოვა 400-მდე პაციენტმა. მათგან 300 პაციენტი გაეწერა კოვიდსასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან.

ამჟამად, სტაციონარში მკურნალობს 463 პაციენტი, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსული. კოვიდკარანტინში იმყოფება 957 პაციენტი, ბინაზე მკურნალობს 600-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია რვა სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი.

კოვიდდადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია შვიდი საკარანტინო სივრცე.