აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ინფიცირებულთა კონტაქტებია, მათ შორის არის რამდენიმე ორსული
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ინფიცირებულთა კონტაქტებია, მათ შორის არის რამდენიმე ორსული

საქართველოში კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 124 აჭარაში დაფიქსირდა.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2700-ზე მეტი „პისიარ“ ტესტი ჩატარდა.

„124-დან ხუთი შემთხვევა კარანტინს უკავშირდება, ინფიცირებულთა უმრავლესობა კი არის გასულ დღეებში გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში და მიმდინარეობდა მათი მიზნობრივი კვლევები. ინფიცირებულთაგან ათი არასრულწლოვანია, არის რამდენიმე ორსული, არის მედიკოსთა და პედაგოგთა ინფიცირების შემთხვევებიც“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

ნონა ეფაძე არ გამორიცხავს, რომ მიზნობრივი კვლევების შედეგად გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა. საუბარია დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ პირებზე.

„მინდა, გითხრათ, რომ სიტუაცია კონტროლირებადია და ყველა საეჭვო კონტაქტის მოძიება და კვლევა ხდება ორგანიზებულად“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

აჭარაში სულ 414 პაციენტი გადის მეთვალყურეობას, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებეში, 129 კი საკარანტინო სივრცეში.