აჭარაში „კორომხეთიჰესის“ პროექტი აღარ განხორციელდება 
აჭარაში „კორომხეთიჰესის“ პროექტი აღარ განხორციელდება 

აჭარაში „კორომხეთიჰესის“ პროექტი აღარ განხორციელდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, პროექტის ამ ფორმით განხორციელებაზე უარი თქვა თავად ინვესტორმა.

150-მეგავატიანი „კორომხეთიჰესის“ მშენებლობა აჭარაში, მდინარე აჭარისწყალზე იგეგმებოდა. ის კასკადის ნაწილად განიხილებოდა, რომელშიც „შუახევიჰესიც“ შედის.

სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა მსხვილ ენერგოპროექტებთან დაკავშირებით გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების შეზღუდვის ვალდებულებას იღებს. საუბარია, 3 პირობაზე – გარანტირებული შესყიდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა 8 თვე უნდა იყოს, მაქსიმალური ტარიფი 6 ცენტრი/კილოვატზე, მიმდინარე მოლაპარაკებები კი არაუმეტეს 650 მეგავატის სიმძლავრის პროექტებზე უნდა წარიმართოს.

ამ წესებიდან გამონაკლისი შესაძლოა, მხოლოდ „ნამახვანჰესების კასკადთან“ დაკავშირებით იყოს დაშვებული.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „კორომხეთიჰესთან“ და „ნამახვან ჰესების კასკადთან“ დაკავშირებით ფისკალური რისკების ანალიზი ჩატარდა. „ნამახვან ჰესების კასკადზე“ კი გრძელდება მუშაობა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მიზნით.