აჭარაში ინვესტორებს დამატებით კიდევ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ
აჭარაში ინვესტორებს დამატებით კიდევ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ

აჭარაში ინვესტორებს დამატებით კიდევ ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ, რა დროშიც ისინი შეუსრულებელი ვალდებულებების გამო არ დაჯარიმდებიან, არ მოუწევთ პირგასამტეხლოს გადახდა და დამატებითი გარანტიების წარმოდგენა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ დღეს გამოაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ეს ნაბიჯი ბიზნესის ერთგვარი სტიმულირებაა, რომ პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების ფონზე მათ შეძლონ, როგორც არსებული ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

„არსებითი გამოწვევების წინაშე დგას კერძო სექტორი, ბიზნესი და ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ მთავრობა და განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი, რომ მოხდეს იმ ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც საშუალებას მისცემს ბიზნესს შეინარჩუნოს და შექმნას სამუშაო ადგილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ინვესტორს, ამ შემთხვევაში საუბარია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ საპრივატიზაციო-საინვესტიციო ხელშეკრულებებზე, დამატებით მიეცემა ექვსთვიანი ვადა და ამ ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერი შეუსრულებელი ვალდებულება იქნება ყოველგვარი პირგასამტეხლოსგან თავისუფალი და ასევე ინვესტორებს არ მოუწევთ, წარმოდგენა დამატებითი გარანტიების და იმედი მაქვს, ეს საშუალებას მისცემს ინვესტორებს წლის ბოლომდე შეინარჩუნონ არსებული ბრუნვები და სამუშაო ადგილები“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, კერძო სექტორთან მუშაობა გაგრძელდება და კიდევ გადაიდგმება ნაბიჯები ბიზნესის სტიმულირებისთვის.