აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სტაციონარულ მკურნალობას ამჟამად 200 პაციენტი გადის, თუმცა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ სიტუაცია საგანგაშო არ არის და რეანიმაციული სექტორიდან პაციენტების გაწერის შემთხვევებიც მომატებულია.

„ნაადრევია ეპიდემიაზე საუბარი. ჯერჯერობით ინფიცირებულთა რაოდენობა სეზონისთვის დამახასიათებელ საზღვრებშია, გვაქვს კლება რეანიმაციულ განყოფილებებში და პაციენტები უკვე ეწერებიან სახლებში. მომართვიანობის გაზრდას საინფორმაციო კამპანიაც უწყობს ხელს და ამისთვის სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ”, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა.

ვირუსთან დაკავშირებით, შიდა კარანტინი გამოცხადდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, მხოლოდ შიდა რეგულაციების გამკაცრებას უკავშირდება. კარანტინი გულისხმობს ნახვის საათების შეზღუდვას და სხვა ღონისძიებებს. მიმართვიანობის გაზრდის გამო, პაციენტთა მიღების მხრივ, შეფერხებები არ არის.