აჭარაში გარდაცვლილ ოთხივე პაციენტს „კოვიდ-19“-თან ერთად, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულისა და ჰიპერტონული დაავადებები აღენიშნებოდა
აჭარაში გარდაცვლილ ოთხივე პაციენტს „კოვიდ-19“-თან ერთად, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულისა და ჰიპერტონული დაავადებები აღენიშნებოდა

აჭარაში დღეს გარდაცვლილ ოთხივე პაციენტს „კოვიდ-19“-თან ერთად, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა, გულისა და ჰიპერტონული დაავადებები აღენიშნებოდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

65 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 8 ოქტომბერს მოთავსდა.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მას სავარაუდოდ პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა. პაციენტის ანამნეზში თანმხლებ დაავადებად მითითებულია თირკმლის უკმარისობა.

76 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს შეიყვანეს. მისი დიაგნოზი „კოვიდ-19“, პნევმონია და რესპირაციული დისტრეს სინდრომი იყო. თანმხმლები დაავადებებს რაც შეეხება, პაციენტს აღენიშნებოდა: შაქრიანი დიაბეტი, გულის ათერესკლეროზული დაავადება, გულის და თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

80 წლის ქალს აღენიშნებოდა „კოვიდ-19“, პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა, ასევე თანმხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, აორტის სარქველის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

90 წლის ქალს კი „კოვიდ-19“-თან და პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი, აორტის სარქველის სინდრომი.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 40-ზე მეტი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სამი პაციენტი კი კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში 40 პაციენტი გარდაიცვალა.