აჭარაში დღეიდან ყველა სამუზეუმო სივრცე გაიხსნა
აჭარაში დღეიდან ყველა სამუზეუმო სივრცე გაიხსნა

აჭარაში დღეიდან ყველა სამუზეუმო სივრცე გაიხსნა. მუზუმები კულტურული ტურიზმით დაინტერესებული შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად მზადაა.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ეწვია და ადგილზე გაეცნო მუზეუმებში უსაფრთხოების მხრივ გატარებულ ღონისძიებებს და დადგენილ სტანდარტებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ის ობიექტი, რომელიც ვიზიტორებს უმასპინძლებს.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, მნიშვნელოვანია, თითოეული მოქალაქემ მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების ზომები.

„დღეიდან აჭარაში ამოქმედდა მთელი რიგი შემსუბუქების ღონისძიებები. ეს ეხება როგორც მუზეუმებს, ბიბლიოთეკებს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, ასევე რიგ სხვა მიმართულებებს, მათ შორის სარესტორნო სივრცეებში სტუმრების მიღებას. გაიხსნა კურორტი გოდერძი, 8 მარტიდან იგეგმება საბაგიროს გახსნა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შემსუბუქების ღონისძიებებთან ერთად, კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ეფექტური გავხადოთ კონტროლი რეკომენდაციების დაცვით. ყველა მოქალაქეს კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო , რომ დავიცვათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები. ჯამში, ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ თანმიმდევრულად აღვადგინოთ საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.