აჭარაში ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
აჭარაში ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტები გახსნეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 1984 წელს დაბადებული მ.ბ. და 1986 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ბ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ბათუმში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი, „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მოპარვას ცდილობდა.

რაც შეეხება დ.მ.-ს, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 იანვარს მან ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩიდან „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომობილი მოიპარა, ხოლო წერეთლის ქუჩაზე გაჩერებული მსუბუქი ავტომობილი გაქურდა, საიდანაც მანქანის მფლობელის პირადი ნივთები წაიღო. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ა.თ. კი ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაბა ჩაქვიდან მოქალაქის კუთვნილი, „ოპელ ვექტრას“ მარკის მსუბუქი ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მოპარული მანქანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177 და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ქურდობის მცდელობისა და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.