აჭარაში ამ დროისთვის „სინოფარმით“ 70-ზე მეტი ადამიანი აიცრა
აჭარაში ამ დროისთვის „სინოფარმით“ 70-ზე მეტი ადამიანი აიცრა

აჭარაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ვაქცინა 70-ზე მეტმა პირმა გაიკეთა. ვაქცინაციის კაბინეტი რვა სამედიცინო დაწესებულებაში მოქმედებს.

აცრის პროცესს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მედიკოსები გადამზადებული არიან როგორც ვაქცინაციის ადმინისტრირების წესებზე, ასევე შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვაზე. „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის აჭარაში 1 150 მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.

„დღეის მდგომარეობით „სინოფარმზე“ 1 150 ჯავშანი იყო. დადგა საჭიროება, რომ გაზრდილიყო სამუშაო დღეები და დამატებულიყო პოლიკლინიკის სამუშაო საათები ვინაიდან, მოთხოვნადი იყო. მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, თუმცა შესაძლოა, ვაქცინაციის არეალი კიდევ უფრო გაიზარდოს და მეტი სამედიცინო დაწესებულების ჩართვა მოგვიწიოს პროცესში.

ტესტების პრობლემა არ დგას, პროტოკოლში რაიმე ცვლილება არ შესულა. იტესტება ნებისმიერი საეჭვო ჩივილების პაციენტი. აჭარაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი ექვსი პროცენტია, 14 დღიანი ინფიცირების მაჩვენებელი კი ხუთი. ეს არის სტაბილურად მაღალი და საყურადღებო დონე“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.