აჭარაში აღარ წვიმს - სტიქიასთან ბრძოლის შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
აჭარაში აღარ წვიმს - სტიქიასთან ბრძოლის შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

აჭარის სანაპირო ზოლში ამ დროისთვის აღარ წვიმს. განსაკუთრებით უხვი ნალექი ბათუმში, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოვიდა, დაიტბორა ეზოები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები.

სტიქიასთან ბრძოლის შტაბები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მობილური ჯგუფები პატრულირებას ახორციელებენ.

გახსნილია მახინჯაურის ცენტრალური საავტომობილო გზა, რომელზეც გადაადგილება დილიდან შეზღუდული იყო.

ბათუმში უხვი ნალექის შედეგად ძირითადად დაიტბორა ანდრონიკაშვილის, ოსტროვის, კომახიძის, მაიაკოვსკის, 26 მაისისა და სააკაძის ქუჩები. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.

ყველაზე მეტი პრობლემა ხვმა ნალექმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუქმნა. ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ შტაბის წევრებთან ერთად დატბორილი მოსახლეობა მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. ამ დროისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლთან მეწყერული პროცესები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მსგავსად, განვითარდა ხელვაჩაურშიც.

სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა. ადგილზე მუშაობს საგზაო დეპარტამენტის მიერ გაგზავნილია ტექნიკა. სოფელ მახინჯაურში მდინარის ადიდების შედეგად, რამოდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.