აჭარაში 7 000-ზე მეტი ოჯახი სოციალური პაკეტის სახით სასურსათო კალათას და მედიკამენტებს მიიღებს
აჭარაში 7 000-ზე მეტი ოჯახი სოციალური პაკეტის სახით სასურსათო კალათას და მედიკამენტებს მიიღებს

აჭარაში 7 000-ზე მეტი ოჯახი სოციალური პაკეტის სახით სასურსათო კალათას და მედიკამენტებს მიიღებს, ასევე გადაიხედება საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა და იგი მაქსიმალურად გადანაწილდება სოციალურ საკითხებზე, ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

„იგეგმება მედიკამენტებით უზრუნველყოფაც. მინდა ფინანსთა მინისტრს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მალე მოხდეს ამის ორგანიზება ბიუჯეტში, ასევე, მედიკამენტებთან მიმართებაში თვითმმართველობებს ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რიჟვაძის განცხადებით ახალი წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც უნდა გადაიხედოს და თანხა მაქსიმალურად გადანაწილდეს მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე.

„ახლა არ არის დრო პომპეზური ტაშფანდურების და ყველას ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს ეს მოცემულობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ყველა მოიჯარეს, რომლებსაც მიმდინარე ხელშეკრულებები გააჩნია, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან ან საქვეუწყებო დაწესებულებებთან, იჯარის გადასახადი გადაუვადდება. გადასახადები სამი თვით გადაუვადდებათ ე.წ. ხოფის ბაზრობაზე დასაქმებულ მოვაჭრეებსაც.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შეღავათებით ისარგებლებენ ასევე ციტრუსის ექსპორტიორი კომპანიებიც.