აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის პროგრამის – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა“ ფარგლებში, 11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში დაურეგისტრირდა.
„სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 375-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებ ყველა ეკომიგრანტ ოჯახზე“, – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭაძემ.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამით უკვე ისარგებლა 72-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა.
პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია ჯამში 117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.