„აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ყაზბეგში ჩამოვარდნილმა ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 22 მაისს გაიარა
„აჭარა ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ყაზბეგში ჩამოვარდნილმა ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 22 მაისს გაიარა

ვერტმფრენმა, რომელიც ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა, ტექნიკური შემოწმება 22 მაისს გაიარა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერ ჩეხერიამ განუცხადა.

„სამწუხაროდ, გარდაცვლილია ჩვენი სამი თანამშრომელი, პილოტი და ორი თანამშრომელი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ვერტმფრენი ყაზბეგიდან აფრინდა და აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ტექნიკური პრობლემები ვერტმფრენს არ ჰქონია, ტექნიკურად გამართული იყო და 22 მაისს გავლილი ჰქონდა შემოწმება, შემოწმებას პერიოდულად გადიოდა. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწრაფად დადგინეს, რა და როგორ მოხდა“, – განაცხადა ვალერ ჩეხერიამ.

ყაზბეგში სასტუმრო „რუმსის“ კუთვნილი ვერტმფრენი დღეს ჩამოვარდა. დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.