„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე მოხსენებას Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გააკეთებს
Nokia Mobile Networks-ის ევროპის მიმართულებების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და გერმანიის რეგიონული მენეჯერი როლფ ვერნერი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელზე მოხსენებას გააკეთებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ვერნერი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში „ციფრული ტრანსფორმაცია: მომავლის სამყარო“.
მათივე ცნობით, როლფ ვერნერი 2024 წლის იანვრიდან ევროპის მასშტაბით კომპანიის საქმიანობას ხელმძღვანელობს, მათ შორის გაყიდვებს, მარკეტინგსა და ბიზნესის მენეჯმენტს. ვერნერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომპანიის ზრდის სტიმულირებასა და ბაზრის წილის გაფართოებაში.
„თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმს, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში გაიმართება, 2 000-მდე დელეგატი, პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის მომხსენებლები და ექსპერტები. ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, ციფრული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესახებ დისკუსიების, ასევე ბიზნესსექტორის ერთმანეთთან დაახლოებისა და ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.