„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე რამდენიმე დელეგაცია ანაკლიაში ჩავა და პროექტს ადგილზე გაეცნობა
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილე რამდენიმე დელეგაცია ანაკლიაში ჩავა და პროექტს ადგილზე გაეცნობა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მონაწილეებისგან ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი გამოიხატა და მონაწილეთა ნაწილი ადგილზეც აპირებს ჩასვლას,  – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხზე შედგა კომუნიკაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელთა წარმომადგენლები ინვესტორებს ადგილზე გააცნობენ პროექტის მიმდინარეობს.

„ანაკლიის პორტზეც ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს, რომელიც გამოიხატა რამდენიმე დელეგაციის მიერ. როგორც ვიცი, აპირებენ ჩასვლას, რათა ადგილზე გაეცნონ. ამ მიმართულებით ჩვენ შევხვდით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”და ისინიც მზად არიან. უკვე გამოყვეს პირები, რომლებიც ადგილზე შეხვდებიან ინვესტორებს, აუხსნიან ამ პროექტის მნიშვნელობას და მიმდინარეობას. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ადგილზე ჩასვლას აპირებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ვიზიტი დღეს არის დაგეგმილი“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით მიმდინარეობს, გუშინ გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში დღეს საინვესტიციო ფორუმი იმართება.