აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში ახალი საგამოფენო სივრცე ქართველი მხატვრების ექსპოზიციით გაიხსნა

აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიაში ახალი საგამოფენო სივრცე ქართველი მხატვრების ექსპოზიციით გაიხსნა. დამთვალიერებლებს 14 ქართველი შემოქმედის, მათ შორის მერაბ აბრამიშვილის, ქეთევან მატაბელის, ლევან ლაღიძისა და ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გაცნობის საშუალება ექნება. ექსპოზიცია აბრეშუმის გალერეაში ერთ თვეს დარჩება.

„ახლა გაიხსნა აბრეშუმის გალერეა, სადაც თქვენ შეხვდებით ჩვენი თანამედროვე ქართული ფერწერის საუკეთესო წარმომადგენლებს, ყველა გვარი ძალიან ნაცნობია ქართული საზოგადოებისთვის და მე ვფიქრობ, რომ დიდი დღესასწაული იქნება ფერწერისა და მხატვრობის მოყვარულებისთვის იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვისი ნახატებიც შეიძლება 10 და 15 წელი არ უნახავთ, იმიტომ რომ ეს ნახატები თავისუფალ ბრუნვაში აღარ არის.

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელოვნების მოყვარულებს, პირველ რიგში ბავშვებს, ახალგაზრდებს ვაჩვენოთ ის ძალიან დიდი განძი, რომელიც ქართულ ხელოვნებაშია შექმნილი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის გენერალურმა დირექტორმა.