აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა 27 ივნისიდან შეეძლებათ
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა 27 ივნისიდან შეეძლებათ

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას გამოსაცდელები 27 ივნისს ნებისმიერი ხელმისაწვდომი კომპიუტერიდან შეძლებენ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ისინი შევლენ ცენტრის ვებგვერდის – online.naec.ge – პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენონ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

დღეიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge ხელმისაწვდომი იქნება ასევე მასწავლებლობის მსურველებისთვის ტესტირების განრიგი.