აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ
აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილს, 18:00 საათზე დასრულდება, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე იღებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპიანია.

რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.

7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციებისშედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.