მეორადი ჩარიცხვებისთვის განაცხადების წარდგენას აბიტურიენტები 5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლითაც შეძლებენ

15:53, 02.10.2026

2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

„მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;

პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის““, – ნათქვამია გამოცდების ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ე.წ. მეორად ჩარიცხვების პირველი ეტაპი 14 სექტემბრიდან დაიწყო. გამოცდების ცენტრის ცნობით, მეორადი ჩარიცხვებით, უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებებში სწავლის უფლება 1 242-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის 73%-ს შეადგენდა.

მსგავსი