აბდულკადირ ორალოღლუ - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ კვანძს
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ კვანძს, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ორალოღლუმ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი დასრულებულია და ორ კონტინენტს შორის ტვირთების გადაზიდვა უკვე 24-საათიან რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
„დღეს უკვე შესაძლებელი გახდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრული დატვირთვით ამუშავება და მოხარული ვარ, რომ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ვმონაწილეობ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მასპინძლობისთვის და პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეგობარი ქვეყნის, საქართველოს მთავრობის მიმართ. მადლობას ვუხდი ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანას, აზერბაიჯანს და ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც დღეს აქ იმყოფება. დღეს აქ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნაზე არ ვსაუბრობთ. ეს არის თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და საერთო ხედვის პირველი ნაბიჯები. სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი უკვე რეალობად იქცა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის წარმატებით დასრულებას. დღეს საქართველოს მხარეს დასრულდა ყველა სამუშაო, რომელიც აუცილებელია რკინიგზის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნა აბდულკადირ ორალოღლუმ.
თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამ განვითარებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ შუა დერეფანში მნიშვნელოვანი როლი შეიძინა.
„საერთაშორისო ასპარეზზე ამ მარშრუტის სრული დატვირთვით ამოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიზისულ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატიული გადაზიდვის საშუალებების არსებობა. ეს მხოლოდ ალტერნატიული საშუალება არ არის, ეს მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიული სარკინიგზო კვანძია. საკმარისი არ არის მხოლოდ ალტერნატიული გზების არსებობა. მნიშვნელოვანია ასეთი უსაფრთხო დერეფნების აქტიურად მოქმედება და სწორად მუშაობა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხო გადაზიდვის საშუალებებს. ბაქო-თბილისი-ყარსის მაგალითზე სწორედ ამას ვხედავთ. საქართველოს მხარეს სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ დავინახეთ, რომ თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაზიდვა, საერთაშორისო და მსოფლიო მნიშვნელობის გადაზიდვის დერეფნის შექმნა ერთი ხედვით არის წარმოდგენილი. 21-ე საუკუნეში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ წარმოების სიძლიერეს, არამედ რამდენად უსაფრთხოდ შეგვიძლია ამ ჩვენი წარმოებული პროდუქციის გადაზიდვა და ამ შუა დერეფნის სწორად მუშაობა. სწორად ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მსოფლიოსთვის“, – აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას მხოლოდ როგორც სატრანსპორტო საშუალებას არ უყურებს, იგი უყურებს, რამდენად მნიშვნელოვანი და უსაფრთხო იქნება ეს ტრანზიტული დერეფანი, რომელიც დღეს იქნება აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთს შორის მნიშვნელოვანი გადაზიდვის კვანძი.
„აუცილებელია, ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ ყველა ამ საკითხს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ კვანძს. ჩვენ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს, რათა სამხრეთის, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნები ამოქმედდეს და ეს იყოს საკვანძო ადგილი. პროექტი დასრულებულია და ორ კონტინენტს შორის ტვირთების გადაზიდვა უკვე 24-საათიან რეჟიმში იქნება შესაძლებელი. ეს თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ნამდვილად ძლიერ და კარგ ურთიერთობაზე არის დაფუძნებული. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და წვლილი შეიტანა მისი სრული დატვირთვით ამოქმედებისთვის საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრული დატვირთვით ამუშავება ჩვენს რეგიონს, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“, – განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ორალოღლუმ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.