აბასთუმანში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება
აბასთუმანში წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემების მშენებლობას იწყებს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 4 მილიონ ლარამდე მოხმარდება. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ მანდარიამ და ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია „ფერის“ დირექტორმა, იოსებ მჭედლიშვილმა.

პროექტის ფარგლებში ახალი საკანალიზაციო სისტემა, კოლექტორები და კანალიზაციის ჭები მოეწყობა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კურორტზე წყალარინების ცენტრალიზებული ქსელი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული და დღეის მდგომარეობით, სისტემები სრულად ამორტიზებულია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. აბასთუმნის გარდა, ახალი ინფრასტრუქტურა ობსერვატორიის, აღობილისა და არაზინდოს დასახლებებს მოემსახურება.

ამასთან, როგორც კომპანია აცხადებს, რამდენიმე დღის წინ დასრულდა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სათავე ნაგებობები, რეზერვუარები, და მოეწყო ახალი მაგისტრალური მილსადენები. ასევე, აშენდა ახალი საფილტრი შენობა. ამ დროისათვის აქტიურ ფაზაშია წყლის სისტემის მეორე ეტაპის სამუშაოები, რომლის დასრულება წლის ბოლოს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობასა და გამრიცხველიანებას, ახალი საქლორატოროს მოწყობას. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულება სრულად აღმოფხვრის მოძველებული სისტემით გამოწვეულ დანაკარგებს და კურორტს წყლის სტაბილური მიწოდებით უზრუნველყოფს.

წყალმომარაგების ორივე პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსია გამოყოფილი.

დატოვე კომენტარი