აბასთუმნის ობსერვატორიის საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
აბასთუმნის ობსერვატორიის საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ  აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა.

განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც. მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული.

რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ნებართვის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის თითქმის საუკუნის წინ, 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის ინიციატივით დაარსდა.