აბასთუმანში ისტორიული ობიექტების რესტავრაცია მიმდინარეობს
აბასთუმანში ისტორიული ობიექტების რესტავრაცია მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმანში მე-19, 20-ე საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ადგილზე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩავიდა.

ისტორიული ხის სახლების, ობსერვატორიისა და მიმდებარე საბაგირო გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის შენობის სრულ რეაბილიტაციას. აქვე განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე, მოეწყობა საგამოფენო-სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

პროექტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლებული ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

„აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული, გარდა ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციისა, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის, ისტორიულ მნიშვნელობას“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.